ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა გრძელდება
ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გრძელდება, რომლის მთლიან მოცულობაშიც რუსული ბაზარი ლიდერობს 65%–ით, ანუ დაახლოებით 31.3 მილიონი 0.75 ლიტრიანი ბოთლით 2014 წლის პირველ შვიდ თვეში, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
2014 წლის იანვარ–ივლისში ექსპორტირებული 31 376 279 ბოთლი 95%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით.
2014 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტის ღირებულება 117%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 102.18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა უკრაინა, რომელიც ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო, სანამ მას რუსეთი ჩაანაცვლებდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შარშან ემბარგო მოხსნა. შემდეგ მოდიან ყაზახეთი, პოლონეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
ქართველი ღვინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების თაობაზე რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის ფასს დაახლოებით 20%–ით გაზრდის, რაც სავარაუდოდ გაყიდვების კლებას გამოიწვევს; თუმცა ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ზუსტი ზეგავლენის პროგნოზირება არ ეტაპზე რთულია.
რუსეთს ამჟამად 20%–იანი გადასახადი აქვს დაწესებული ღვინის იმპორტზე და იგივე შეეხება ქართულ ღვინოსაც მას შემდეგ, რაც მოსკოვი თბილისთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას შეაჩერებს.
რუსეთმა, რომელიც 2012 წლის აგვისტოდან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრია, ამ ტარიფის 20%–დან 12.5%–მდე შემცირების ვალდებულება იკისრა ვმო–ში გაწევრიანებიდან ოთხი წლის მანძილზე.
4 აგვისტოს სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ხელახლა გახსნა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატული და კონსტრუქციული“ პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი; თუმცა მან რუსულ ბაზარზე ზედმეტი დამოკიდებულების წინააღმდეგაც გააფრთხილა.
„მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ჩვენ კარგად გვახსოვს რა მოხდა მაშინ, როცა რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა [2006 წელს]. მაშინ ძალიან დიდი ზიანი მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ. ჩვენ პრაქტიკულად გასაღების ბაზარი არ გვქონდა და მხოლოდ ვიყავით დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ჩვენ დღეს იგივე არ უნდა მივიღოთ“.
2014 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში 71%–ს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის პირველ ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი 68%–მდე შემცირდა.