ქაბულში საქართველოს და ავღანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 10 აგვისტოს ქაბულში თავის ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა და ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურებს შორის თანამშრობლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, კონკრეტულად კი ავღანელი კოლეგებისთვის ქართული რეფორმების გაზიარებას  და ასევე, ავღანური ჯარის გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას.

„დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ. „ფუნდამენტი ჩაეყარა ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ჩვენი სამხედროები თუნდაც ახლა, როდესაც ვიყავი ყანდაღარში, იქაც ამზადებენ უკვე ავღანელ არტილერისტებს… ეს გაგრძელდება და ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ბევრად უფრო ძლიერი, ყოვლისმომცველი იქნება. მათ ჭირდებათ ჩვენი თანადგომა და საქართველოს მთავრობა უცხადებს ავღანურ მთავრობას მხარდაჭერას“.

ავღანეთში ვიზიტის დროს ალასანიამ ქაბულში ამერიკულ სამხედრო ბაზა „ფენიქსზე“ და ყანდაღარის საავიაზიო ბაზაზე განთავსებული ქართველი სამხედროები მოინახულა. 7 აგვისტოს ის ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა.

ამჟამად ISAF–ის მისიაში 755 ქართველი სამხედრო მსახურობს; ავღანეთში ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი რაოდენობა 1600–ს შეადგენდა. 

ივლისში ქართველმა სახედროებმა ჰელმანდის პროვინციაში ოთხწლიანი სამსახური დაასრულეს.

თავდაცვის მინისტრმა უთხრა ქართველ დეპუტატებს ივლისის ბოლოს, რომ საქართველოს ავღანეთში ნატოს 2014 წლის შემდგომ არასაბრძოლო მისიაში დაახლოებით 750 სამხედრო ეყოლება. მისი თქმით, ერთი ასეული მაზარ–ი–შარიფში განთავსდება გერმანული სარდლობის ქვეშ, ხოლო დანარჩენი სამხედროები აშშ–ის სარდლობას დაექვემდებარებიან ბაგრამში.

ISAF–ის მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

ISAF–ის ინფორმაციით, მისიის შესრულებისას 435 ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან 35–მა კიდურები დაკარგა.