საქართველოს ხელმძღვანელობა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეპ თაიფ ერდოღანს თურქეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

„მოხარული ვარ, რომ თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს მეგობარი და უახლოესი პარტნიორია, თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებულად ვითარდება, რაც  აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის მისალოც გზავნილში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერისა და მეგობრობის პრინციპებს ეფუძნება,  მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება საქართველოსა და თურქეთის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა თავის მისალოც გზავნილში: „არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თურქეთის მოქალაქეთა მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმებისადმი, რომელთა შედეგადაც თურქეთმა დაძლია არაერთი გამოწვევა და მიაღწია ეკონომიკურ წარმატებებს“.

„საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განვითარებას თურქეთთან. ჩვენთვის ძალზე ფასეულია, რომ წლების მანძილზე განუზომელი წვლილი შეგაქვთ საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავაც წარმატებულად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.