სააკაშვილი გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალდებას პასუხობს
ახალ ბრალდებებზე საუბრისას ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „უზომოა“ საქართველოს ხელისუფლება „შურისძიების წყურვილი და სურვილი ასიამოვნონ თავის რუს მეგობრებს“.
„როგორც ჩანს ქართული ოცნების ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებთ“, –წერს სააკაშვილი თავის Facebook-ის გვერდზწე 13 აგვისტოს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში 8.83 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.
„თავდაპირველად, მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც-ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს, ისევე როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე, რომელმაც ეს განცხადება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა.
„მათი ფანტაზია და ფიზიკური სწრაფვა სამართლებრივი დევნისკენ სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამჟამად ეს ხალხი წყვეტს ჩვენი საქართველოს ბედს“, – აცხადებს ექსპრეზიდენტი. „მაშინ როცა, მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ“.
პროკურატურის განცხადებით, იმავე საქმეზე ბრალი ასევე წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას. ჯანაშიას, რომელიც უარყოფს რაიმე სამართალდარღვევას, ბრალი 13 აგვისტოს წარეგინა დაკავების გარეშე.
ეს ერთ–ერთი ბოლო ბრალდებაა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ბოლო ორი კვირის მანძილზე წაუყენეს.
სააკაშვილს ივლისის ბოლოს ბრალი წარედგინა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. სასამართლომ 2 აგვისტოს მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.