ღარიბაშვილი გაფლანგვის თაობაზე სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარს აკეთებს
8 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში „დაუსჯელობის“ ეპოქა დასრულდა.
პროკურატურამ განაცხადა 14 აგვისტოს, რომ მან ძებნა გამოაცხადა სააკაშვილზე, რომელსაც სასამართლომ 2 აგვისტოს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“– ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ივლისის ბოლოსკენ წაყენებული სამი დამოუკიდებელი ბრალდებიდან ერთ–ერთია.
14 აგვისტოს ნიუ–იორკიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა და მასზე ძებნის გამოცხადება მიზნად ისახავს მისთვის საქართველოში ჩამოვლისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისთვის ხელის შეშლას.
მან კატეგორიულად უარყო გაფლანგვასთან დაკავშირებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ყველა ხარჯი ქვეყნის სასიკეთოდ იქნა გაწეული. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებები გადასახადის გადამხდელთა ფულის კოსმეტიკურ კლინიკებში და კოსმეტიკურ პროცედურებზე დახარჯვის თაობაზე „სრული სიცრუეა“.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მცდელობა, რომ გაამართლონ გაწეული ხარჯები, „არის სირცხვილი უბრალოდ“.
„ძალიან აღელვებული ჩანდა და გამახსენდა ომის კადრები, მაშინ იყო ყველაზე მეტად შეშინებული და ერთგვარი გამეორება იყო იმ კადრების, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 15 აგვისტოს.
„თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელს, მეთაურს მიაჩნია, რომ ეს არის ნორმალური, მაშინ ჩვენ საუბარი არ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპიური დიქტატორის განცხადება, რომ როგორ შეიძლება, რომ მასაჟისტის მომსახურება და იქ უამრავი მილიონობით გაწეული ხარჯები იყოს ნორმალურად, ნორმად აღქმული და მიჩნეული. ეს არის გამორიცხული. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოში დასრულდა განუკითხაობის და დაუსჯელობის ეპოქა, ყველას მოეთხოვება სათანადო პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე, იქნება ეს პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა მოხელე, მინისტრი თუ სხვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ეს არის სირცხვილი უბრალოდ, სირცხვილი ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რომ ჩვენ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ფულიდან, ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
კითხვაზე სთხოვს თუ არა ხელისუფლება ინტერპოლს სააკაშვილი წითელ ცირკულარში ჩასვას, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა, რომ მას სამართლებრივი პროცედურების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
„დაელოდეთ. პროკურატურა მიყვება პროფესიონალურად, ყველაფერს აკეთებენ, რაც არის გათვალისწინებული კანონის მიხედვით“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
წითელი ცირკულარის შემთხვევაში, ინტერპოლი ეროვნულ პოლიციას პირთა იდენტიფიცირებასა და განთავსებაში ეხმარება მათი დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით. თუმცა ინტერპოლი ვერ მოთხოვს კონკრეტულ ქვეყნებს, რომ წითელი ცირკულარის საფუძველზე განახორციელონ დაპატიმრება.
სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ხელისუფლება ექს–პრეზიდენტის ექსტრადიციას შეეცდება, მაინც არაფერი გამოუვა, როგორც ეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შემთხვევაში მოხდა, როდესაც საფრანგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის თაობაზე.