საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დონეცკში ჭურვის აფეთქებამ საქართველოს საკონსულოს შენობა დააზიანა

უკრაინის ქალაქ დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 აგვისტოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

„აღნიშნულ შემთხვევას საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვინაიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად საკონსულოს თანამშრომლებმა წინასწარ დატოვეს ქ.დონეცკი“, – აცხადებს სამინისტრო და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის იმ რეგიონებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო უწყება „შეშფოთებას“ გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ბოლო დროინდელ "ესკალაციასთან" დაკავშირებით, რაც „მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდძალ მსხვერპლს იწვევს“ და მიიჩნევს, რომ „ტერორიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას უნდა მიეცეს სათანადო, უმკაცრესი შეფასება“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, უკრაინის მთავრობა მოახერხებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას“, – ნათქვამია განცხადებაში.