საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რეგიონში არსებული ვითარება და ნატოს უელსის სამიტი ის მთავარი თემები იყო, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ 21 აგვისტოს.
ამავე ცნობით, ანგელა მერკელმა საქართველოს „სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“ და თავის ქართველ კოლეგას განუცხადა, რომ ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სავარაუდოდ, 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც ანგელა მერკელს მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ბერლინში ორჯერ შეხვდა, გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, იტყობინება საქართველოს მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია.
მერკელთან დაკავშირებამდე, ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ნატოს მოახლოებული სამიტი იყო.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა 2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.
მოგვიანებით, ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ „არსებითი პაკეტი" შეიმუშაონ, რომელიც თბილისს ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.
სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც ბოლო დღეებში ამ ღონისძიებისთვის მზადების განსახილველად ასევე გამართა სატელეფონო საუბრები პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან.