თურქეთის ელჩის განცხადება აფხაზეთის არჩევნების შესახებ

საქართველოში თურქეთის ელჩის ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით ანკარა არ სცნობს 24 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ელჩმა განცხადება 21 აგვისტოს გაავრცელა რომლითაც კომენტარი გააკეთა სოხუმის გადაწყვეტილებაზე გახსნას საარჩევნო უბანი თურქეთის რესპუბლიკაში.

„თურქეთი, როგორც მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, თურქეთი არ სცნობს 24 აგვისტოს, აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ვინაიდან აღნიშნული არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს კანონმდებლობას, მას არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა თურქეთშიც,“ განაცხადა თურქეთის ელჩმა.

„აღნიშნულის გათვალისწინებით დაუშვებელია, რომ თურქეთის უწყებების მიერ გაიცეს ოფიციალური ნებართვა საარჩევნო ყუთების თურქეთშიც დადგმასთან დაკავშირებით,“ განაცხადა მან.

„თურქეთი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით. ასევე, თურქეთი მზადაა შეუერთდეს ამ მიზნისაკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას,“ ნათქვამია თურქეთის ელჩის განცხადებაში.