სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ერევანში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერევანში 21 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობათა ორივე მეთაურმა დაადასტურა „მეგობრული“ ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების შემდგომი განვითარების სურვილი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, განაცხადა, რომ თბილისი და ერევანი „ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ“  ორ ქვეყანას შორის „მჭიდრო“ ურთიერთობები.

სომხეთის გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის ლიდერობით შექმნილ საბაჟო კავშირს და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შედეგები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ივნისის ვიზიტის დროს თბილისში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ეკონომიკურ ბლოკებში გაერთიანება გავლენას ვერ მოახდენს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე; პირიქით, მისი თქმით, აქედან სომხეთსა და საქართველოს მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს 21 აგვისტოს ერევანში, რომ ორი მეზობელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.

„ამდენად, [საქართველოს] პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის საბაჟო კავშირთან მიერთების შემდეგ, ზოგიერთ პროდუქტზე შეღავათიანი რეჟიმი შენარჩუნდება; ამ სიის საბოლოო დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხი ასევე იქნა განხილული.

ორმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი და საქართველო ერთობლივად ააშენებენ ახალ ხიდს სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ით გაზრდას 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მეგობრული ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე“. 

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის საკითხი, რამაც დააზიანა გაზსადენი, რომლითაც სომხეთი საქართველოს გავლით რუსული გაზით მარაგდება და ასევე ჩაკეტა საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სომხეთისათვის, რადგან რუსეთთან მის დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო გზას წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა აბრაჰამიანმა მეწყერის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის გაზსადენის აღდგენას ორ-სამ დღეში ვარაუდობს.