საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა, იტყობინება საქართველოს პრემიერის ადმინისტრაცია 22 აგვისტოს.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებზე, ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა; საუბარი ასევე შეეხო სექტემბერის დასაწყისში უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტს და საქართველოს წვლილს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს, როგორც რეგიონში ძლიერი მოკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც იდგეს ამერიკის გვერდით, როგორც მეგობარი ქვეყანა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“.

„ჯოზეფ ბაიდენმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – განაცხადა პრემიერ ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ.