საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინას დახმარებას სთავაზობს

ქართველ მედიკოსთა ჯგუფი მიმდინარე კვირის დასაწყისში საჭიროებათა შეფასების მისიით უკრაინაში ჩავა იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ქართულმა მხარემ კიევს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ამ საკითხზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის უკრაინელ კოლეგას  ოლეგ მუსის შორის 23 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრის ფარგლებში შედგა.

თბილისი მზადაა გაგზავნოს უკრაინაში ექიმები ჰუმანიტარული მისიით, მიაწოდოს მედიკამენტები ან  საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტები, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოიყვანოს საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირების მიზნით.

იმავდროულად, 24 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში მისალოცი წერილები გაგზავნეს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის უკრაინელი კოლეგისთვის პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ქართველები და უკრაინელები „ერთად ვიბრძოდით საბჭოთა რეჟიმისაგან დამოუკიდებლობისათვის“.

„თავისუფლების მოპოვების შემდეგ, ორი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს. თქვენს ერთგულ მხარდამჭერებად ვრჩებით ახლაც, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს საკუთარი არჩევანის დაცვა, სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დღეს ჩვენ გვამოძრავებს სურვილი, საკუთარი ძალისხმევა მაქსიმალურად ეფექტიანად შევუერთოთ საერთაშორისო საზოგადოების ქმედით მხარდაჭერას უკრაინის თავისუფლებისადმი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თავის მისალოც გზავნილში, რომელშიც ასევე აღნიშნა, რომ ქედს იხრის „უკრაინისათვის დაღუპული გმირების წინაშე“.

„ღრმად მწამს, რომ იმ დრამატული მოვლენებიდან, რომლებმაც მსოფლიო საზოგადოება შეძრა, უკრაინა გამარჯვებული გამოვა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინას „ერთი გვაქვს მიზანი, საერთო გვაქვს პრობლემები, ვიზიარებთ საერთო ფასეულობებს“.

„ჩვენს ქვეყნებს ევროპის დემოკრატიულ, განვითარებულ ერთა დიდი თანამეგობრობის ღირსეულ წევრთა შორის ვხედავთ. არ არსებობს ძალა, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ამ მისწრაფებას,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მისალოც გზავნილში, რომლის ადრესატიც უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკია,  განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება“.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და გარწმუნებთ, რომ საქართველოს სახით საიმედო და ერთგული პარტნიორი გყავთ. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინელი ხალხის ძალისხმევით, ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.