საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ 27 აგვისტოს კიევში „საჭიროებების შეფასების“ მისიით გაემგზავრება, რათა ადგილზე დაადგინოს, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ უკრაინას იმ საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.
სერგეენკომ, რომელიც თავის უკრაინელ კოლეგას გასულ კვირას ტელეფონით ესაუბრა, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი მზადაა უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მიავლინოს ექიმები, გაგზავნოს მედიკამენტები ან საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტები, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოიყვანოს საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირების მიზნით.
„[27 აგვისტოს] დილით ადრე უკვე კიევში ვართ და უკვე ვუდგებით მუშაობას“, – განუცხადა სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე სამშაბათს.
„ძალიან კარგი. კარგი იქნება, თუ ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმავე სხდომაზე პრემიერს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირას ელოდებიან უკრაინის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების დელეგაციას, რათა საქართველოს გამოცდილება გაუზიარონ.
„მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ“, – მიმართა ღარიბაშვილმა ხადურს.