საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ნატოს სამიტზე იმსჯელეს

საქართველოსა და რუმინეთისა პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში 26 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართეს, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც ასევე  სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე უკრაინაში შექმნილი ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა, მისი ადმინისტრაციის ცნობით, რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არ აღიარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მისი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის გამო.

გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრის დასასრულს ტრაიან ბასესკუ საქართველოში დაპატიჟა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

ნატოს სამიტისთვის მზადების ფარგლებში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიმდინარე თვეში სატელეფონო საუბრები გამართა ასევე თავის პოლონელ, ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ კოლეგებთან.