საქართველო 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს წყვეტს

საქართველო უვიზოდ შემოსვლის უფლებას 13 ქვეყნის, მათ შორის ერაყის, ასევე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს 1 სექტემბრიდან შეუწყვეტს, ვინაიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც ვიზების გაცემისა და მიგრაციის ახალ რეგულაციებს განსაზღვრავს.

საქართველო უვიზოდ შემოსვლის წესებს დაახლოებით 104 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებისთვის ძალაში ტოვებს (სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე).

ქვეყნები, რომელთათვისაც უვიზოდ შემოსვლა უქმდება, არიან: ერაყი; ბოლივია, ჩილე; კუბა; გვატემალა; პარაგვაი; პერუ; ურუგვაი; დომინიკის თანამეგობრობა; ტრინიდადი და ტობაგო; სენტ კიტსი და ნევისი; სურინამი; და სენტ ლუჩია.

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველო უვიზოდ შემოსვლის წესებს ინარჩუნებს, 1 სექტემბრიდან ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნა მაქსიმუმ 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ამჟამად დაწესებული 360 დღისა.

მოქმედი წესებით, საქართველოს ვიზის აღება შეიძლება, როგორც ქვეყანაში შემოსვლისას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, ისე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში.

თუმცა ახალი კანონით, რომელიც ამ წლის დასაწყისში იქნა მიღებული და 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ექნებათ ვიზების გაცემის უფლება, რომელთა ღირებულებაც  50 აშშ დოლარი იქნება.

კანონის თანახმად, "განსაკუთრებულ შემთხვევებში" ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც; ეს „განსაკუთრებული შემთხვევები“ მთავრობამ დადგენილებით უნდა განსაზღვროს. ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო უვიზოდ მიმოსვლის წესებს ინარჩუნებს, ასევე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები „თანხმობაში და ჰარმონიაშია“ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან  – დეტალურად გაწერილ იმ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი მიიღოს.