თავდაცვის მინისტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველ ჯარისკაცებს სტუმრობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში განთავსებულ ქართველ ჯარისკაცებს სტუმრობს. 

ბათუმის  ქვეითი ბატალიონის ასეული ევროკავშირის სამხედრო მისიას ივნისში შეუერთდა. დაახლოებით 140 ქართველი სამხედრო იმ მისიის ფარგლებში მსახურობს, რომლის მანდატიც დედაქალაქ ბანგის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად პირობების შექმნას ითვალისწინებს.

„ძალიან ვამაყობთ… იმითი, რასაც აკეთებთ აქ“, – განუცხადა ალასანიამ ქართველ ჯარისკაცებს, „თქვენს გამო უკვე ევროკავშირშიც, ისევე როგორც ძველად ნატოში, ყველა ძალიან მაღალი წარმოდგენის არის ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე“.

ალასანია ასევე შეხვდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ტომას თეოფილ ტიმანგოას.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყოფნის დროს მინისტრი ალასანია შეუერთდა ყინულიანი წყლის საქველმოქმედო აქციას, რომელშიც მონაწილეობაზე გამოწვევა მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისაგან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისგან მიიღო.