ხაჯიმბა რუსეთთან თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების საჭიროებაზე საუბრობს

სეპარატისტული აფხაზეთის მიერ არჩეულმა ახალმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე მომზადდება რუსეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს „უფრო მკაფიოდ“ უზრუნველყოფს.

„ყველა შეთანხმება გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროებს გადახედვას ახალი რეალობის გათვალისწინებით და ეს დროც დადგა“, – განაცხადა ხაჯიმბამ რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“-თან ინტერვიუში.

„ახალმა დოკუმენტმა უნდა გაითვალისწინოს ის სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან დღესდღეობით აფხაზეთი და რუსეთი საერთაშორისო არენაზე და რომელთაც ადგილი აქვთ საქართველოსთან, ევროპასთან, აშშ-სთან ურთიერთობებში“, – განაცხადა მან.

„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შემადგენელია. გვსურს, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები უფრო მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. საკითხები, რომლებიც უკავშირდება საზღვარს, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას – ყველა ეს საკითხი აისახება ახალ შეთანხმებაში“, – განაცხადა მან.

ხაჯიმბას თქმით, აფხაზური სამხედრო ძალებისა და სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის ერთობლივი მართვის საკითხი შესაძლოა ერთ-ერთი ელემენტი იყოს.

„კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნა ნორმალური პროცესია და ჩვენ ამაში იმ საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას ვხედავთ, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების პრობლემებთან“, – განაცხადა ხაჯიმბამ, „ჩვენ საკუთარი შეიარაღებული ძალები გვყავს, არის რუსული სამხედრო ბაზა; შესაბამისი ძალისხმევაა საჭირო გაერთიანებული მეთაურობის ქვეშ მათი კოორდინირებული მოქმედებებისთვის“.

„ჩვენ ამგვარი გადაწყვეტის შესაძლებლობა გავახმოვანეთ. ვფიქრობ, რომ რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი“, – დასძინა მან.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან „ეხო კავკაზასთვის“ 24 აგვისტოს აფხაზეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ელჩმა სეპარატისტულ აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში „ახალ დონეზე“ გადასვლა „სრულიად შესაძლებელია“, თუმცა ამ საკითხზე არანაირი „ფორმალური მოლაპარაკებები“ არ გამართულა.

„პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებებში უკვე გაისმა რამდენიმე პარამეტრი, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ახალი დონე რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში – ესაა საერთო თავდაცვითი სივრცე, ესაა, ასე ვთქვათ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა აფხაზეთში რუსული სოციალური სტანდარტების გავრცელებაში და რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე რეჟიმის ლიბერალიზაცია. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ლაპარაკის და წინასაარჩევნო ლოზუნგების დონეზეა. რეალურად თუ რა სახეს მიიღებს, ეს ჯერ კიდევ სანახავია“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მან თქვა: „დიახ, შესაძლებელია რაღაცნაირი ერთობლივი მეთაურობა, შესაძლოა საერთო დაჯგუფება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი პრაქტიკული საუბრები ამის შესახებ არ ყოფილა. ჩვენ საკმაოდ სოლიდური სამართლებრივი ბაზა გაგვაჩნია, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობისთვის, არსებობს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობაზე,  რუსულ სამხედრო ბაზაზე“.

მდინარე ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ლიბერალიზაციის თაობაზე გრიგორიევმა განაცხადა, რომ ეს საკითხი აფხაზმა პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო ლოზუნგის დონეზე წამოწიეს.

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – ეს ძალიან რთული საკითხია“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა ინტერვიუში და დასძინა, რომ პირადად ის  ამ სასაზღვრო კონტროლის სრულად გაუქმებას ისურვებდა, „მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია“.