თბილისი შეშფოთებულია უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ცალკე გავრცელებულ განცხადებებში უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო და მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას არ დაუშვას ევროპაში კონფრონტაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ მან გააუქმა თურქეთში ვიზიტი „დონეცკის რეგიონში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების“ გამო.
„რუსეთის ჯარები ფაქტიურად შემოვიდნენ უკრაინაში“, – განაცხადა პოროშენკომ.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა".
„დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით“, – განაცხადა მან, „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით“.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საჭიროა, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მან ასევე გაიმეორა, რომ საქართველო „მყარად“ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში“.
„აუცილებელია ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ თემაზე ანკარაში ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარში პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში“.
„ჩვენ, ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია ვეხმარებით – ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა ამ მისიით ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიმდინარე ვიზიტს უკრაინაში, რის შემდეგაც "გადავწყვიტავთ, რისი დახმარების საშუალება გვექნება“.
დავით სერგეენკო კიევს 27 აგვისტოდან სტუმრობს, რათა ადგილზე დაადგინოს, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ უკრაინას იმ საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. თბილისმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მიავლინოს ექიმები, გაგზავნოს მედიკამენტები ან საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტები, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოიყვანოს საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირების მიზნით.
სერგეენკომ 28 აგვისტოს განაცხადა კიევში, რომ კვირის ბოლოს ამუშავდება დახმარების „საბოლოო, კონკრეტული სამოქმედო გეგმა“, რომელიც უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციების გზით შემუშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინიდან „შემაშფოთებელი ამბები“ მოდის.
„გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, დავგმოთ სამხედრო აგრესია, ყირიმის ანექსია. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მის რუმინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის რუმინელი დიპლომატების ყოველწლიურ ამბასადორიალს დაესწრო, „ძალიან ვიმედოვნებ, რომ გამოსავალი მოიძებნება ამ ძალიან, ძალიან ცუდ კრიზისში, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ რეგიონზე“.