წინასწარი მონაცემებით, ივლისში მშპ-ს ზრდამ 7.2% შეადგინა

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივნისში მშპ-ს ზრდამ 6.2% შეადგინა,  იტყობინება პარასკევს „საქსტატი“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.

ეკონომიკა 2014 წლის პირველ ნახევარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.2%-ის გაიზარდა, „საქსტატის“ თანახმად.

წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს რეალურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5.1% შეადგინა, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 7.1%-იანი ზრდის შემდეგ.

გასულ კვირას  Moody’s Investors Service-მა საქართველოს Ba3 სუვერენული რეიტინგი დაადასტურა და სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა.

„პერსპექტივის ცვლილების მთავარი მამოძრავებელია საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედება, რომელიც, Moody’s მოლოდინით, პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს მოიზიდავს და დაეხმარება ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოზიციების გაუმჯობესებას საშუალოვადიან პერიოდში“, – განაცხადა სარეიტინგო სააგენტომ 22 აგვისტოს.

სააგენტოს განცხადებით, Ba3 სუვერენული რეიტინგის დადასტურება ასახავს საგარეო მოწყვლადობის, გეოპოლიტიკური რისკებისა და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობის შეფასების კომბინაციას ახლო მომავლისთვის.

სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა განაცხადა 30 ივნისს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ნაწილია ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, „დადებითი გრძელვადიანი მოვლენა“ იქნება საქართველოს სუვერენული საკრედიტო პორტფელისთვის, მაგრამ „მას არ ექნება უშუალო ზეგავლენა ჩვენს სარეიტინგო შეფასებებზე, რომელიც ფოკუსირებულია საგარეო ფინანსების და ეკონომიკური ზრდის უფრო ახლო ვადიან პერსპექტივებზე“.  

Fitch–მა საქართველოს  მაისში “BB-” რეიტინგი მიანიჭა; საქართველოს შესახებ მომდევნო მიმოხილვას ის ოქტომბერში გეგმავს.