საქართველო უკრაინას მედიკამენტებით, აღჭურვილობით დაეხმარება

საქართველო მედიკამენტებით და რამდენიმე გენერატორით დაეხმარება უკრაინას, რომლის აღმოსავლეთ ნაწილებშიც „საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოსახლეობის დიდ რაოდენობას შეეზღუდა სამედიცინო მომსახურებასთან წვდომა“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კიევში თავის  უკრაინელ კოლეგასთან ოლეგ მუსისთან 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებათა შემფასებელი დელეგაცია საქართველოდან მინისტრ სერგეენკოს ხელმძღვანელობით უკრაინას 27 აგვისტოდან სტუმრობს.

დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო საბრძოლო არეალში მყოფ მოსახლეობას იმ მედიკამენტებით დაეხმარება, რომელიც დეფიციტურია, კერძოდ, თირკმლის დიალიზის საჭიროების მქონე  300-ზე მეტ ადამიანს შესაბამის მასალას,  ბავშვებს ვაქცინებს, დიაბეტით დაავადებულებს კი შესაბამის მედიკამენტებს გაუგზავნის, ასევე მიაწვდის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებებს და სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის რამდენიმე გენერატორს გაგზავნის. 

„ეს იქნება ამ ეტაპზე“, – განაცხადა სერგეენკომ, „შემდეგ ეტაპზე ჩამოვლენ ჩვენი ექიმები და შეაფასებენ რამდენად არის საჭიროება გადავიყვანოთ პაციენტები“ საქართველოში მკურნალობა-რეაბილიტაციის მიზნით.  

„რუსეთის აგრესიის, ჩვენი ტერიტორიის ოკუპირების  შემდეგ, მიდის ნამდვილი ომი, საბრძოლო მოქმედებები, ბევრი დაზარალებულია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი და ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ამ [მკურნალობა-რეაბილიტაციის] კუთხითაც საქართველოს გამოცდილებას და შესაძლებლობებს გამოვიყენებთ იმ მეგობრული ურთიერთობების წყალობით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

ოლეგ მუსიმ ასევე განაცხადა, რომ  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიგეგმა თანამშრომლობა იმ რეფორმებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განახორციელდა.