აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ესტუმრება

პენტაგონმა განაცხადა, რომ 4-5 სექტემბერს უელსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოსა და თურქეთს ესტუმრება.

„უელსიდან თავდაცვის მდივანი გაემგზავრება საქართველოში, რომელიც აშშ-ისა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედუნარიანი პარტნიორია", –  განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ 29 აგვისტოს.

მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში „ღირებული პარტნიორია“ და ამ მისიებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის თავდაცვის მდივანი საქართველოს მადლობას გადაუხდის.

„ცხადია, საქართველო იზიარებს ჩვენს შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება", – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ეს ჰეიგელის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში თავდაცვის მდივნის რანგში. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ორჯერ უმასპინძლა პენტაგონში 2013 წლის აგვისტოდან.