დავით ბაქრაძე არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების თაობაზე პროკურატურაში დაკითხეს
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ 29 აგვისტოს დაახლოებით ექვსი საათი დაჰყო მთავარ პროკურატურაში, სადაც მისი და მისი მეუღლის არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების თაობაზე იკითხებოდა.
ბაქრაძის მეუღლე, მაკა მეტრეველი ასევე დაკითხეს ცალკე, იმავე დღეს პროკურორებმა.
საქმე ეხება 276 849 გირვანქა სტერლინგს, რომელიც HSBC ბანკის ორ ანგარიშზე იყო განთავსებული და რაც მითითებული არ იყო ბაქრაძის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციებში.
გამოძიება 20 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის – დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით დაიწყო. თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
დეკლარაციის შევსების წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე.
საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც გაერთიანებული სამეფოდან HSBC-ის მიერ ბაქრაძისა და მისი მეუღლისადმი გამოგზავნილი ორი წერილი ანონიმური მომხმარებლის მიერ 19 აგვისტოს Facebook-ის ყალბ გვერდზე აიტვირთა. 28 ივლისით დათარიღებულ წერილებში ბაქრაძეს და მის მეუღლეს ამცნობდნენ, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშები დახურეს.
დავით ბაქრაძემ, რომელიც 2008-2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დაადასტურა HSBC ბანკში 2009 წელს 400 000 აშშ დოლარის განთავსების ფაქტი. მისი თქმით, ეს თანხა მისი სიმამრის მიერ 2002 წელს კრწანისში გაყიდული სახლიდან მიღებული შემოსავალია.
ბაქრაძის განცხადებით, ის არ იყო ვალდებული ეს საბანკო ანგარიშები ქონებრივ დეკლარაციებში მიეთითებინა, ვინაიდან მას „ამ თანხის განკარგვის უფლება არ აქვს“ და განკუთვნილია მისი ორი შვილისთვის, რომლებიც ბაბუისგან სრულწლოვანების შემდეგ ამ მემკვიდრეობას მიიღებენ.
„იმედი მაქვს, რომ ამ 6-საათიანი დაკითხვის განმავლობაში პროკურატურამ მიიღო საკმარისი ინფორმაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ არანაირი კანონის დარღვევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ, თუ ვინ დაარღვია მისი პირადი მიმოწერის უფლება, რადგან მოხდა მასთან გამოგზავნილი წერილების „გახსნა და უკანონოდ ნახვა ფოსტაში“, რაც შემდეგ მოგონილ მისამართზე ინტერნეტში აიტვირთა.