დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა

დარიალის ხეობაში, სადაც რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ათი დღის განმავლობაში შეწყვეტილი იყო საზღვრის სიახლოვეს მეწყერის ჩამოწოლის გამო, საავტომობილო გზა 30 აგვისტოს გაიხსნა. 

მთავრობის ცნობით, ავტომობილები დღის განმავლობაში გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ, თუმცა 18:00-დან 07:00 საათამდე, „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, გადაადგილება შეიზღუდება. ავტომობილები საპატრულო პოლიციის კოორდინაციის ქვეშ იმოძრავებენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი  რამდენიმე ერთეულმა მსუბუქმა ავტომობილმა უკვე გადაკვეთა.

გზის გახსნის გადაწყვეტილება  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც 20 აგვისტოდან განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს შაბათს ადგილზე მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო.

თუმცა გზა დაგეგმილზე ცოტა გვიან გაიხსნა, ვინაიდან 30 აგვისტოს გამთენიისას უხვმა ნალექმა კვლავ პრობლემები შექმნა ხეობაში. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მოხდა მცირე ჩამოშლები და ადიდებულმა მდინარე თერგმა კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. შედარებით რთული ვითარება შეიქმნა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც გზაზე გადმოვიდა ქვა-ღორღი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად თერგი კალაპოტს დაუბრუნდა. 

20 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; სტიქიამ გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა, რაც  ორჯერ აღემატებოდა იმავე ტერიტორიაზე 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერით დაზიანებულ გზის მონაკვეთს. მეწყერმა ასევე დააზიანა გაზსადენი, თუმცა ის მალევე შეკეთდა და საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი 23 აგვისტოს განახლდა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურას.