სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 1 სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ფერმერს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს თანადაფინანსებით დააზღვიოს მოსავალი კერძო სადაზღვევო კომპანიებში.
 
ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს ჯიპიაი ჰოლდინგს, ალდაგს, აი სი ჯგუფს, ირაოსა და ქართუს შორის ორშაბათს გაფორმდა.

პროგრამის ფარგლებში, ფერმერი ვალდებულია კერძო სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო პრემიის ნაწილი სადაზღვევო პოლისის მიღებისთანავე გადაუხადოს, ხოლო დარჩენილ თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაფარავს ერთ დამზღვევზე არაუმეტეს 30 000 ლარის, ხოლო სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით. ერთწლიანი საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარს შეადგენს.

ანაზღაურებას დაექვემდებარება სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხალისგან და საშემოდგომო ყინვისგან მიყენებული ზიანი; დასაზღვევად კი მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები მიიღება, რომლებსაც გააჩნიათ  საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასთან ერთად, პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერთათვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება, აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.