ნატოს გენერალური მდივანი იმ პაკეტზე საუბრობს, რომელიც ალიანსს ‘საქართველოს დაუახლოვებს’

პაკეტი, რომელსაც ნატო თბილისისთვის გეგმავს  მიმდინარე კვირაში უელსში დაგეგმილ სამიტზე, მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიისა და ტრეინინგ ცენტრის ჩამოყალიბებას საქართველოში, ნატოს წვრთნებში საქართველოს მეტ მონაწილეობას და "ხანდახან" ნატოს სამხედრო წვრთნების ორგანიზებას საქართველოში, ასევე თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის  წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ „არსებითი პაკეტი" შეიმუშაონ, რომელიც თბილისს ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება. 

ბრიუსელში 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ პაკეტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს „პაკეტი საქართველოს აუცილებლად დაუახლოებს ნატოს“.

„ძალიან ბევრ დეტალში ჩაღრმავების გარეშე, მე შემიძლია რამდენიმე მთავარ პუნქტს გავუსვა ხაზი“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენ ჩამოვაყალიბებთ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებელ მისიას საქართველოში, განსაკუთრებული აქცენტი თავდაცვის სამინისტროზე გაკეთდება და დავეხმარებით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციაში“, – განაცხადა მან. 

„შემდეგ, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა იმოქმედონ ნატოს ძალებთან ერთად, მათ შორის ნატოს წვრთნებში საქართველოს უფრო ხშირი მონაწილეობის მეშვეობით“, – განაგრძო რასმუსენმა.

„მესამე, ხანდახან სამხედრო წვრთნები შესაძლოა ასევე ჩატარდეს საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ წვრთნებში ნატოს პარტნიორები ჩაერთონ“, – აღნიშნა მან. 

„მეოთხე, ჩვენ ასევე განვიხილავთ სამხედრო ტრეინინგ ცენტრის შექმნის საკითხს საქართველოში, ასევე ნატოს პარტნიორების ჩართვისთვის  – ეს [ცენტრი] შესაძლოა იყოს რეგიონული განზომილების“.

„და ბოლოს, ჩვენ ასევე განვიხილავთ თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას“, – განაცხადა რასმუსენმა.

„ასე რომ, მთლიანობაში თქვენ ძალიან კონკრეტულ ზომებს დაინახავთ, რომელიც საქართველოს უფრო დაუახლოვებს ნატოს“, – დასძინა მან.