ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, პარლამენტი ნაწილობრივ თბილისში იმუშავებს
პარლამენტის საშემოდგომო სესია 2 სექტემბერს ბიუროს სხდომით თბილისში მდებარე პარლამენტის ახლად გარემონტებულ შენობაში გაიხსნა თითქმის ორი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს საკითხს, ნაწილობრივ მაინც, პარლამენტის საქმიანობის თბილისში გადმოტანის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომიტეტო მოსმენების ნაწილი დედაქალაქში გაიმართება, ხოლო პლენარული სხდომები კვლავ ქუთაისში ჩატარდება.
ბიუროს სხდომას არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთა თქმითაც, საპარლამენტო საქმიანობის ქუთაისიდან ნაწილობრივ თბილისში დაბრუნება კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა.
საქართველოს პარლამენტს ორი შენობა აქვს – ერთი, შუშის გუმბათიანი შენობა, რომლის მშენებლობაზეც 200 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა, მდებარეობს ქუთაისში, სადაც პარლამენტი სამუშაოდ ორი წლის წინ გადავიდა და მეორე, 60 წლის ნაგებობა თბილისის ცენტრში, რომელშიც პარლამენტი მანამ მუშაობდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ახალი შენობა აშენდებოდა ქუთაისში.
წინა ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაციას გეგმავდა; ეს შენობა დააცარიელეს და სხდომათა დარბაზები მოშალეს.
დაახლოებით, 22 მლნ ლარი დაიხარჯა ბოლო ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ქართული ოცნება მოვიდა, ამ შენობის რემონტსა და მის აღჭურვაზე, პარლამენტის აპარატის თანახმად.
პლენარულ სხდომათა დარბაზს ასევე ჩაუტარდა რემონტი და აღიჭურვა, თუმცა სხდომების თბილისში ჩატარება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
კონსტიტუცია ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი“. მასში ასევე ნათქვამია: „საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს“. ეს შესწორება კონსტიტუციაში 2011 წელს იქნა მიღებული, როცა ამჟამინდელი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო.
„პარლამენტი აგრძელებს ბორბლებზე მუშაობას – ჩვენ ხვალ შეიძლება ბიურო აქ გვქონდეს და ზეგ სხდომა ქუთაისში ჩავატაროთ. ასე რომ, მოძრაობა გაგრძელდება ყველასი, სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები არ შევა და ეს არ არის მოსალოდნელი ხვალ და ზეგ“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 1 სექტემბერს, რომელთაც თბილისში პარლამენტის განახლებული შენობის დასათვალიერებლად თავად უმასპინძლა.
ქართულმა ოცნებამ 2012 წლის დეკემბერში ინიცირება მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს პროექტი კენჭისყრაზეც კი არ დამდგარა, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ვერ მოაგროვა 100 ხმა, რაც მაშინ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად დადგენილი ხმები იყო.
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ამოქმედებული კონსტიტუციით, სამ-მეოთხედამდე (113 ხმა) გაიზარდა საკონსტიტუციო კვორუმი. ამდენად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის ქუთაისში დატოვების მყარ მხარდამჭერად რჩება და აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობის ნაწილობრივ თბილისში გადმოტანა კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მართალია თბილისის პარლამენტის შენობაში მივიდნენ 2 სექტემბერს, მაგრამ ბიუროს სხდომას არ დასწრებიან.
დღეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ ბიურო თბილისში შეიკრიბა. ბიუროს სხდომები, ისევე როგორც საკომიტეტო მოსმენები და სხვა საპარლამენტო შეხვედრები, ხშირად ტარდებოდა თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ თბილისში პარლამენტის საქმიანობის ნაწილობრივ გადატანა არის „კონსტიტუციის უხეში ფეხქვეშ გათელვა“.
„პარლამენტის მუშაობას ჩვენ ბოიკოტს არ ვუცხადებთ, ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ საპარლამენტო ცხოვრებას, ოღონდ იქ, სადაც არის საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციით“, – განუცხადა გაბაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“, „ეს შეკრება აქ და სხვა შეკრებები, რომლებსაც კომიტეტებს დაარქმევენ, არის უმრავლესობის არაფორმალური შეკრებები“.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ განაცხადა, რომ ორ შენობაში საქმიანობა პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯებს არ გაზრდის არც მიმდინარე და არც მომავალ 2015 წელს.