პარლამენტი უკრაინაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს
საქართველოს პარლამენტი 3 სექტემბერს უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას გეგმავს, რომელიც გმობს რუსეთის „აგრესიას“ და ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
კოალიცია ქართულის ოცნების საპარლამენტო ფრაქციების მიერ ინიცირებულ პროექტში ნათქვამია, რომ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი, არათუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი, სუვერენული სახელმწიფო წინააღმდეგ“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. პროექტში ასევე გამოთქმულია საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე კრიზისის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციისადმი და უკრაინის დასახმარებლად მიმართული ძალისხმევისადმი.
რეზოლუციის პროექტი ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინაში „საომარი მოქმედებებისა და აგრესიის“ შესაჩერებლად და მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს დააჩქარონ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.
2013 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის შესახებ ორი განცხადება და ერთი რეზოლუცია მიიღო.
- პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო, თუმცა ერთსულოვნება ვერ გამოიჩინა – 2014 წლის მარტი
- პარლამენტმა უკრაინის მოვლენებზე განცხადება ერთსულოვნად მიიღო-2014 წლის იანვარი
- პარლამენტმა უკრაინის მოვლენებზე განცხადება მიიღო-2013 წლის დეკემბერი
2014 წლის მარტში ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ უარი განაცხადა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ არ ასახა ტექსტში მათი მოთხოვნა რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირდაპირ მოწოდებაზე.