ობამა: „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოს, მოლდოვას დასახმარებლად“
ნატომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს მისი პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად მათი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში თავის გამოსვლაში 3 სექტემბერს.
უელსში ნატოს სამიტის გახსნის წინა დღეს, პრეზიდენტმა ობამამ ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა ერთგულება კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი განაცხადა რა, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი მკაფიოდ ამბობს – „თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე“. მან ასევე დაგმო რუსეთის „აგრესია“ და „უტიფარი თავდასხმა“ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„ახლა უკრაინას იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, „ნატომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები, რათა დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოების ძალების მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში“.
„და სხვათა შორის, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისათვისაც, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვასათვის, და ასევე გავაძლიეროთ მათი თავდაცვა“, – განაცხადა ობამამ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ხელძღვანელობდა ჩვენი ალიანსი. იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს და შეუძლიათ ღირებული წვლილი შეიტანონ მოკავშირეთა უსაფრთხოებაში, ნატოში წევრობის კარი ღია დარჩება“, – განაცხადა მან.
- ვარშავაში გამოსვლისას ობამამ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა
- საქართველო და ობამას ევროპისადმი სამხედრო მხარდაჭერის ახალი ინიციატივა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოში ვიზიტს ნატოს 4-5 სექტემბრის სამიტის დასრულებისთანავე გეგმავს.
საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით უკვე გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში ალიანსის სამიტზე დასასწრებად.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ თანამშრომლობის პაკეტი, რომელსაც ნატო თბილისს სამიტის ფარგლებში შესთავაზებს, მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიისა და ტრეინინგ ცენტრის ჩამოყალიბებას საქართველოში, ნატოს წვრთნებში საქართველოს მეტ მონაწილეობას და "ხანდახან" ნატოს სამხედრო წვრთნების ორგანიზებას საქართველოში, ასევე თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას.