საქართველოს პრეზიდენტი EBRD-ის პრეზიდენტს ლონდონში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის ლონდონში 3 სექტემბერს შეხვდა.
მარგველაშვილი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ნატოს უელსის სამიტში მონაწილეობისთვის სტუმრობს, მიესალმა საქართველოსა და EBRD-ს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, რომელიც თბილისს გასულ წელს სტუმრობდა, განაცხადა, რომ საქართველო „EBRD-ის რეგიონში წამყვანი რეფორმატორია“.
„ბანკი მოხარულია მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში განამტკიცოს მისი ეკონომიკური ზრდის ძლიერი პოტენციალი“, – განაცხადა მან.
EBRD-ის თანახმად, 2014 წელს მოსალოდნელია, რომ მისი კაპიტალდაბანდება საქართველოში რეკორდულ ნიშნულს 250 მლნ ევროს მიაღწევს, რაც ორჯერ მეტია 2013 წელს განხორციელებულ ინვესტიციაზე.
„სტაბილური ეკონომიკა და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან მათი მხრიდან სტაბილური ეკონომიკური მომავლის უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.
EBRD-ი თავის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გამართვას და მასთან ერთად ბიზნეს ფორუმის მოწყობას 2015 წლის მაისში თბილისში გეგმავს.
2013 წლის სექტემბერში EBRD-მა საქართველოსთან მიმართებაში თავის ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მომდევნო სამის წლის განმავლობაში ქვეყანაში ბანკის პრიორიტეტებს შორის იქნება კერძო სექტორში ინვესტირების გაძლიერება, ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
„ბანკი ასევე მხარს დაუჭერს საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტს, რათა ეკონომიკურმა ზრდამ უფრო მეტად მოიცვას სოციალური სფერო, მაგალითად იმით, რომ საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს“, – ნათქვამია სტრატეგიაში.