პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა თეირანში
ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ალი ლარიჯანის შეხვდა 3 სექტემბერს თეირანში.
„საუბარი ძირითადად ეხებოდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.
ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ (Fars News Agency, FNA) იუწყებოდა, რომ შეხვედრისას ირანის პარლამენტის სპიკერმა რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული „დიდი პრობლემა“ წამოწია და განაცხადა, ამ „საერთო საფრთხის“ წინააღმდეგ ბრძოლა „რეგიონში ყველა ქვეყნის ერთობლივ თანამშრომლობას საჭიროებს“.
ლარიჯანიმ ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, ხელსაყრელი საფუძველი არსებობს, „ფარსის“ თანახმად.
თეირანში ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძე ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს, რომელიც საქართველოს მარტში სტუმრობდა; ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს საიდ ირავანის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ალაედინ ბორუჯერდის.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს, დეპუტატმა ბორუჯერდიმ, რომელმაც გასულ წელს გააკრიტიკა საქართველოს გადაწყვეტილება ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე, დასავლეთის „არასწორი პოლიტიკა“ დაგმო, როგორც მან თქვა, „რეგიონში ტერორიზმის გავრცელების“ გამო, ირანული მედიის თანახმად.
ირანში ვიზიტის ფარგლებში დეპუტატ ჯაფარიძეს თან ახლდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე.