ქართული ოცეული უკრაინაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ოცეული 13-17 სექტემბერს უკრაინაში ნატოს წევრ და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „რაპიდ ტრაიდენტი“, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხუთშაბათს.

წვრთნებში, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის პროგრამის ფარგლებში ლვოვის მახლობლად, პოლიგონ „იავოროვზე“ გაიმართება, 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო ჩაერთვება, მათ შორის ამერიკიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან,  პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.

სწავლების სცენარი, საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მოიცავს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ მრავალეროვნული ბრიგადის ერთობლივი ძალებით მოქმედებას.