აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური საქართველოს ეწვია

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჯეიმს ამოსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ხუთშაბათს ეწვია.

გენერალი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ასევე გამართავს შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურის სტუმრობა წინ უძღვის აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 4-5 სექტემბრის ნატოს უელსის სამიტის შემდეგ შედგება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს ამოსმა „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისის კონტექსტში. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ნატოს მიმდინარე სამიტი საქართველოს „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ შესთავაზებს, რაც „მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას“.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ გენერალი ამოსი „ჩამოვიდა, რათა საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მრავალწლიანი თანადგომისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადოს და საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მტკიცე პარტნიორობას გაუსვას ხაზი“.