ღარიბაშვილის თქმით, ‘კრიმინოგენული ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია’, მან იარაღის ტარებაზე კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო ბრალდებები კრიმინოგენული ვითარების გაუარესების თაობაზე, როგორც „ოპონენტების უსუსური მცდელობა“ წარმოაჩინონ მთავრობა კრიმინალთან ბრძოლის უუნაროდ, თუმცა იმავდროულად, მან ასევე მოუწოდა იარაღის ტარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებისკენ.
კრიმინოგენული ვითარება უკვე დიდი ხანია ერთ-ერთ იმ თემას წარმოადგენს, რომლის გამოც ოპოზიცია ხშირად უტევს ხელისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ, ხელისუფლება აცხადებს, რომ 2013 წლის დასაწყისში ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიუხედევად, კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა. ამ თემებზე მიმდინარე დებატების დროს, მთავრობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, როცა მთავარი სატელევიზიო არხები ხელისუფლების „კონტროლს“ ექვემდებარებოდნენ, მძიმე დანაშაულის შემთხვევები არ შუქდებოდა, ახლა კი ტელევიზიები ხშირად გადმოსცემენ ასეთ შემთხვევებს, რაც კრიმინალის ზრდაზე „აღქმას“ აჩენს.
ერთდროულად სამი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობამ ადიგენში და თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცის ჩაცხრილვამ ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაამძაფრა დებატები კრიმინოგენული ვითარების თაობაზე.
ვიცე-პრემიემა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა 3 სექტემბერს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. დეპუტატმა ქართული ოცნებიდან თინა ხიდაშელმა Facebook-ზე 4 სექტემბერს დაწერა, რომ ოფიციალური სტატისტიკა მართალი რომც იყოს, ეს ბევრს არაფერს ცვლის და „სტატისტიკით საუბარი არადეკვატური მგონია“ კრიმინალური ამბებით „დაზაფრულ“ საზოგადოებაში, რომელიც მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას და „ხედვას“ ელის, თუ როგორ უნდა იქნას ეს პრობლემა დაძლეული.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 29% ფიქრობს, რომ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში; ეს მონაცემი 6 პროცენტული პუნქტით არის დაკლებული აპრილში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით. ბოლო კვლევაში გამოკითხულთა 51% ფიქრობს (აპრილში – 46%), რომ კრიმინალის დონე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ უცვლელია და 10% აცხადებს, რომ კრიმინალი შემცირდა.
„ბოლო ორი-სამი დღე მე ვხედავ იმ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემების აწევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5 სექტემბერს.
„საქართველოში, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კრიმინოგენული ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ. და შინაგან საქმეთა მინისტრი, მთლიანად სამინისტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული – 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და მართლაც, მე მინდა აღვნიშნო, რომ ფასდაუდებელია მათი შრომა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი მკვლელობის რამდენიმე შემთხვევა „არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმე… მაგრამ, ძვირფასებო, ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული“.
„მე არ მინდა, ისე გამომივიდეს თითქოს თავს ვიმართლებთ ან თავს ვიცავთ და მითუმეტეს, ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობის ფონზე წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ებრძვის ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2013 წლის ამნისტიის შედეგად დაახლოებით 17 000 პატიმარმა დატოვა ციხეები. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა დიდმა ნაწილმა „ეს ყველაფერი დააფასა კარგად“, მაგრამ „ბევრმა ვერ დააფასა და ისინი ახლა [სასჯელაღსრულების მინისტრის] ბატონი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული“.
„მე მინდა დაგავალოთ ბატონ ჭიკაიძეს და ასევე [იუსტიციის მინისტრს თეა] წულუკიანს, რომ სასწრაფოდ შეიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გაამკაცროთ იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ყველა ის მუხლი, რომელიც ამ წესებს არეგულირებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა კანონში მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე საუბრის გარეშე.
მან ასევე შეაქო შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და განაცხადა, რომ მისი საქმიანობა „არის დასაფასებელი“.
„საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს ის მიდგომები, რომლებიც ნებისმიერ ცივილიზებულ, ევროპულ ქვეყანაში არის – ერთის მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და მეორეს მხრივ, ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. სწორედ ამ ბალანსის დაჭერა არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, „ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, აი სწორედ ეს არის დასაფასებელი, რომ ისინი ცდილობენ 24 საათის განმავლობაში იმუშაონ, ებრძოლონ კრიმინალს და ამავდროულად, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები და ამას სჭირდება, მეგობრებო, დაფასება“.