საქართველო უკრაინაში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 5 სექტემბერს.

მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეენკომ, რომელიც კიევს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებათა შემფასებელი მისიით გასულ კვირას სტუმრობდა, განაცხადა, რომ დახმარება მოიცავს  სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს, მათ შორის დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, ანტიბიოტიკებს, ბავშვთა ვაქცინებს, ქირურგიულ ნაკრებებს და პირველადი დახმარების ჩანთებს.

მისი თქმით, ეს ტვირთი უკრაინაში თვითმფრინავით სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიგზავნება.

კვირის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს დაუდასტურა მზადყოფნა ექიმების გაგზავნის ან უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული პაციენტების საქართველოში მკურნალობის თაობაზე,  „თუმცა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია გავაკეთოთ რეაგირება“, – განაცხადა სერგეენკომ 1 სექტემბერს.