აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოვიდა


აშშ–ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი, თბილისის აეროპორტი, 6 სექტემბერი, 2014. ფოტო: აშშ–ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი თბილისში შაბათს საღამოს ჩამოვიდა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს კვირას, თურქეთში გამგზავრებამდე, გამართავს.

ჰეიგელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდება.

თავდაცვის მდივანი ასევე ესტუმრება კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბოლო ათწლეულია წვრთნიან ქართველ სამხედროებს.

ეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში. დონალდ რამსფელდი თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოს 2003 წლის დეკემბერში სტუმრობდა, მანამდე კი, ის 2001 წელს იმყოფებოდა თბილისში, რასაც ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყება მოჰყვა საქართველოში.

ჰეიგელის ვიზიტი მოსდევს ნატოს ორდღიან სამიტს უელსში, სადაც ალიანსი საქართველოს სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით თანამშრობლობის გაძლიერებას დაპირდა, რათა დაეხმაროს ქვეყანას ნატოს წევრობისთვის მზადებაში.

თეთრმა სახლმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ მუშაობს გეგმებზე მოლდოვისა და საქართველოს მხარდასაჭერად და გაიმეორა, რომ კონგრესიდან დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ევროპისადმი მხარდაჭერის ინიციატივა (European Reassurance Initiative) მოიცავს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას იმ მიზნით, რომ „უზრუნველყონ თავიანთი თავდაცვისუნარიანობა და გაზარდონ დასავლეთის ჯარებთან თავსებადობა“.

„მაღალი დონის ჩართულობასთან ერთად, ასევე ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი დახმარების გააქტიურებას“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „როიტერისთვის“ ნატოს სამიტის მიმდინარეობისას 5 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებაა და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონთან სამხედრო კავშირები გაღრმავდება, მიანიშნა რა დისკუსიებზე, რომელიც საქართველო თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას ეხება, მათ შორის საჰაეროს თავდაცვის სისტემების მეშვეობით.

ალასანიამ ასევე განუცხადა „როიტერს“, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ აშშ-ის ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო კოალიციაში საქართველოს შესაძლო როლი.

„ჩვენ ველოდებით მოთხოვნებს, რომლებსაც შეერთებული შტატები და მოკავშირეები უყენებენ პარტნიორებს“, – განაცხადა ალასანიამ.

29 აგვისტოს ჰეიგელის საქართველოში ვიზიტის დაანონსების დროს, პენტაგონმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანი საქართველოს, რომელიც „აშშ-ისა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედუნარიანი პარტნიორია“, მადლობას გადაუხდის ავღანეთისა და მანამდე ერაყის მისიებში შეტანილი წვლილისთვის.

„ცხადია, საქართველო იზიარებს ჩვენს შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება", – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა 29 აგვისტოს.

ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას 2013 წლის აგვისტოდან ორჯერ უმასპინძლა პენტაგონში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)