აჭარის მთავრობის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის პროცედურას გეგმავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელშიც საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ჩათვლით შვიდი დეპუტატი შედის, იმპიჩმენტის პროცედურას გეგმავს აჭარის მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს.
უმრავლესობის ფრაქციამ, რომელიც მთავრობას სხვა თემებთან ერთად ბიუჯეტის შეუსრულებლობის, აჭარის ქონების განკარგვაში ხარვეზების და კორუფციული გარიგებების პრეტენზიებს უყენებს, უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირებას 8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი. ფრაქციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო საინფორმაციო კამპანიასთან ერთად ასევე დაიწყებს კოლეგებთან კონსულტაციებს იმპიჩმენტის საკითხის ირგვლივ მეტი დეპუტატის მისამხრობად, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის უმცირესობიდან.
აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 8 დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ხოლო 13 კოალიცია ქართულ ოცნებას, რომლებიც სამ ფრაქციაში არიან გადანაწილებულები: ფრაქცია „ქართული ოცნება“ (7 წევრი); ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ (3 წევრი) და ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“ (3 წევრი რესპუბლიკური, კონსერვატიული და მრეწველთა პარტიებიდან).
ამ ორი უკანასკნელი ფრაქციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც უმრავლესობაში შედიან, განაცხადა, რომ ისინი არ ემხრობიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ განზრახვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
„უმაღლეს საბჭოს იმ წევრების ჯგუფს არ გამოუვა არაფერი ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გარეშე, რადგან მე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი არ აპირებს ამ იმპიჩმენტში მონაწილეობას“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბაციკაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრმა.
კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად სულ ცოტა 7 დეპუტატის წერილობითი მოთხოვნაა საჭირო, თუმცა იმპიჩმენტის განხორციელებას მინიმუმ 14 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება, უნდობლობის საკითხის მომდევნო 6 თვეში დაყენება დაუშვებელია.
ხაბაძის მთავრობის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებას ერთი კვირით უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. მთავრობის ადმინისტრაციაში 31 აგვისტოს გამართულ ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქართული ოცნების დეპუტატი აჭარიდან, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელმაც 8 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "არ არის ჩარეული" იმ პროცესებში, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული მთავრობის წინააღმდეგ უმაღლეს საბჭოში წამოიწყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ მთავრობა, რომელშიც სულ ოთხი სამინისტრო შედის, მზადა არის გასცეს „არგუმენტირებული პასუხი“ მის მიმართ არსებულ პრეტენზიებს.