ღარიბაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ‘საგანგაშო არაფერი არ არის’
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ „საგანგაშო არაფერი არ არის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების და სისხლის სამართალწარმოების, ასევე იმ რისკების გამო, რომელიც პოლიტიზირებულმა სამართლებრივმა დევნამ შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას“.
„იქ საგანგაშო არაფერი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამჭირვალე ვართ. ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ახდენთ ამ თემის სპეკულირებას“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ტელევიზია „ტაბულას“ ჟურნალისტს, რომელმაც მას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარი თხოვა, „თქვენ ახლა ძალიან ნერვიულობთ, რომ არ მოხდა ამ თემაზე მნიშვნელობის მინიჭება, თქვენ დაგავალეს ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა, მაგრამ არაფერი არ მოხდება მაგით, არაფერი არ იცვლება“.
ამ საკითხზე შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები და არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთო განმარტება“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს 13 სექტემბერს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ასევე ისაუბრა პრეზიდენტ მარგველაშვილთან, როგორც მან თქვა, „ურთიერთობების გაუარესებაზე“.
„მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, მოგატყუებთ“, – განაცხადა მან, „რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, ის, რაც ვიხილეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ არ მოველოდით, ისევე როგორც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი] არ მოელოდა, არც მე არ მოველოდი ამას – ამგვარ გაუარესებას ურთიერთობების“.
„მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება“, – განაგრძო მან, „პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც, რომელთაც გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე – თუ ყველა ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში“.
„ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ – ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.