საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16-17 სექტემბერს  ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს.  

ღარიბაშვილი თავის ვიზიტს აბუ-დაბიში იწყებს, სადაც ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდება; ასევე მოლაპარაკებებს გამართავს კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრთან შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანისთან, რომელიც „დაბი ჯგუფის“ ხელმძღვანელია. ამ ჯგუფს საქართველოში ინვესტიციები აქვს ჩადებული და მათ შორის ფლობს „კორ სტანდარტ ბანკს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა დუბაის,  სადაც დაგეგმილია შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან; ამის შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილი რას ელ ხაიმას საამიროს ეწვევა. რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი, RAKIA ფოთის პორტის ერთ-ერთი მესაკუთრეა და ასევე მართავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.