ივანიშვილი განახლებულ მთავრობაზე, პრეზიდენტზე, მედიასა და საკუთარ გეგმებზე

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ვრცელ საგაზეთო ინტერვიუში, რომ ის უფრო აქტიური გახდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე მთელ რიგ საკითხებს შეეხო დაწყებული იმით, თუ როგორ სთხოვა მოქმედმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რჩევა მთავრობაში ცვლილებების განხორციელებამდე და დამთავრებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით.

ინტერვიუში, რომელიც 10 სექტემბერს ჩაიწერა და გაზეთ „კვირის პალიტრაში“ 15 სექტემბერს გამოქვეყნდა, მან განაცხადა, რომ მართალია ნაციონალური მოძრაობა „ბობოქრობს თავისი სიცრუის მანქანით“ და მმართველ კოალიციაშიც „ვერ არის სინქრონულად საქმე“, მაგრამ „მაინც ფუნქციონირებს სახელმწიფო და სწორი გზით ვითარდება“.

ივანიშვილი და განახლებული მთავრობა

ივანიშვილის თქმით, მართალია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ივლისში მთავრობის განახლებამდე რჩევა ჰკითხა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ახალი მინისტრი მაინც მოქმედი პრემიერ–მინისტრის მიერ შეირჩა.

„ზოგადად, მთავრობის მუშაობას დავახასიათებდი, როგორც წარმატებულს, და რა თქმა უნდა, უპირველესად წარმატებულია პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა, „იმას არ ვამბობ, რომ მთავრობის მუშაობა იდეალურია, თუმცა, დღეს საქართველოს ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლება და ეფექტიანი პრემიერი ჰყავს“.

„იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე სრულფასოვანი კონტროლი ხორციელდება, თუმცა ამ კონტროლს დახვეწა სჭირდება“, – განაცხადა მან.

„სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი, თუმცა, მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე, ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო – როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც – დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, რომ თუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა, რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უკეთესია ჩემთვის მეთქი. ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგალითად, ის, თუ ვინ იქნება კულტურის მინისტრი. თუმცა, ჩემთვის რამდენიმე საკვანძო სამინისტრო უფრო საინტერესოა (მაგალითად, ჯანდაცვის, შსს და ა.შ.). იგივე შს მინისტრი დანიშნა ღარიბაშვილმა. ეს აბსოლუტურად მისი არჩევანი იყო და მე ამ კაცს [ალექსანდრე ჭიკაიძეს] არ ვიცნობდი. ისე, მივიჩნევ, რომ ნორმალური არჩევანი იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს. თუმცა, ალბათ, სჯობს, ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს. მთავარია, პრემიერმა, ანუ პოლიტიკურმა ლიდერმა, პოზიცია არ შეიცვალოს, რასაც არც ველოდები“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ღარიბაშვილი „დინჯი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე“.

„მირჩევნია ქვეყნის 15–20 წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო (რაზეც ვხარჯავ ჩემს ძირითად დროს) და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრს ვისით ჩაანაცვლებს“, – განაცხადა მან.

„ყველა მინისტრი ღარიბაშვილმა შეარჩია, ერთადერთი, რაშიც დახმარება მთხოვა, კულტურის მინისტრის კანდიდატურა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე – ლამის მთელი საქართველო მოვსინჯეთ, თუმცა, მინისტრის კანდიდატურა საბოლოოდ ისევ ღარიბაშვილმა შეარჩია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი სატელევიზიო თოქშოუს წამყვანად – „დაბალი ალბათობაა“

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ორ „ფართომასშტაბიან პროექტს“ გეგმავს – ერთი ეხება სკოლის მოსწავლეებს, რომლის ფარგლებშიც ფოკუსირება მოხდება მოქალაქეობის შესახებ განათლებაზე და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ცნების განვითარებაზე, ხოლო მეორე პროექტი სტუდენტებისთვისაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და ამაში სტუდენტების ჩართულობას უკავშირდება.

მან ასევე განაცხადა, რომ სურს „უფრო აქტიური“ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და „უფრო ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე“. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ის ჯერ კიდევ ეძებს საუკეთესო გზას ამის გასაკეთებლად.

„მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია. ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ–ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოკლედ, საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამას საჭიროებს. დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი სავარაუდოდ ოქტომბრიდან სატელევიზიო თოქშოუს თანაწამყვანობას გეგმავდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს, თუმცა ამის „დაბალი ალბათობაა“. „ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ“, – დასძინა მან.

ივანიშვილი მაუწყებლებს აკრიტიკებს „რუსთავი 2“–ის თემების გამეორების გამო

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ „ვერ უნდა გაბედოს მედიის საქმიანობაში ჩარევა და ყველამ მოთმინებით უნდა ავიტანოთ კრიტიკა მედიის მხრიდან“. მან ასევე განაცხადა, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა და ჟურნალისტები, რომლებიც „საზოგადოების წევრები არიან, უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსაც და თუ გნებავთ, კრიტიკასაც“.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დაადანაშაულა „რუსთავი 2“ ნაციონალური მოძრაობისთვის აგიტაციის გაწევაში, თუმცა აღნიშნა, რომ მას მეტი პრეტენზიები აქვს სხვა ტელეარხების, მათ შორის „იმედის“, „მაესტროს“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიმართ, რადგანაც, მისი თქმით, ისინი „რუსთავი 2“–ის თემებს „იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ“.  

„ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს რუსთავი 2“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ამ სამ ტელევიზიას, „რუსთავი 2“–სგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურნი და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც „რუსთავი 2“ გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას“.

პრეზიდენტთან დაკავშირებით მდგომარეობას ‘ზედმეტი დრამატიზმი არ სჭირდება’

ინტერვიუს სრულად გამოქვეყნებამდე მისი ფრაგმენტები გასულ კვირას გავრცელდა, სადაც ივანიშვილმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის მთავრობას „კონკურენტად“ განიხილავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი ბოლო ქმედება იმის მანიშნებელია, რომ მარგველაშვილი მთავრობის საქმიანობას „ხელს უშლის“.

ინტერვიუს სრულ ვერსიაში ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტს პირადი კომუნიკაცია არ აქვს არც მმართველ კოალიციასთან, არც მთავრობასთან, მაგრამ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სიტუაციის დრამატიზების საჭიროება არ არსებობს.

„განსაკუთრებული არაფერი ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, მარგველაშვილი, ასე თუ ისე, თავის ფუნქციას ასრულებს, კანონიდან გადაცდომასთან არ გვაქვს საქმე და მდგომარეობას ზედმეტი დრამატიზმი არ სჭირდება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

„პიროვნული კომუნიკაცია არ ხერხდება იმიტომ, რომ მარგველაშვილს არ აქვს ამის სურვილი. მხოლოდ მიწერ–მოწერა აქვთ ერთმანეთთან“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ყველას უყვარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი“, მაგრამ ყველა კოალიციაში, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი „დაბნეულები“ არიან ამგვარი სიტუაციის გამო.

„გუნდის წევრი იყო ეს კაცი, გუნდმა იზრუნა მის გაპრეზიდენტებაზე, დღეს კი მარგველაშვილს არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„პრეზიდენტს თავისი უფლებები აქვს, პრემიერს – თავისი და ამის ფარგლებში უნდა იმოქმედონ, თუმცა თანამშრომლობა უნდა მოახერხონ“, – განაცხადა მან.