ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი 15 სექტემბერს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან გამართა მოლაპარაკებები.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადეს ვატიკანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და პაპი ფრანცისკე საქართველოში მოიწვიეს. პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოს 1999 წლის ნოემბერში სტუმრობდა.

ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში ბოლო 11 წლის მანძილზე. მანამდე, 2003 წლის სექტემბერში თბილისს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მაშინდელი მდივანი, ჟან-ლუი ტორანი სტუმრობდა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა. თუმცა ბოლო წუთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან ხელშეკრულებაზე. 2011 წელს,  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს, რითაც, სხვა კონფესიებთან  ერთად, ასევე ისარგებლა საქართველოში რომის კათოლიკურმა ეკლესიის რამოდემე განშტოებამ.

„ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს იმ მეგობრობის გამოხატვას, რომელიც წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ახასიათებს“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა დომინიკ მამბერტიმ 15 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან, „ვაცხადებ რა ამას, მე ვგულისხმობ კულტურულ თანამშრომლობას, ხშირ ორმხრივ კონსულტაციებს, რომლებიც რეგიონში და უფრო ფართო მასშტაბით, საერთაშორისო თანამეგობრობაში მიმდინარე საკითხებს ეხება. ზოგიერთი ეს საკითხი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და ხალხისთვის და წმიდა საყდარი, ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევებში, კვლავაც გამოხატავს სოლიდარობას თქვენი ქვეყნის მიმართ“. 

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ევროპის მიმართ. გულწრფელად ვულოცავ თქვენ ქვეყანას ამ მიღწევებს და იმავდროულად, მინდა რწმენა გამოვთქვა, რომ ქართველი ერი განაგრძობს თავისი განსაკუთრებული კულტურული და სულიერი წვლილის შეტანას ევროპის კონტინენტზე და მის ტრანსნაციონალურ ინსტიტუტებში“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა დომინიკ მამბერტიმ.

მისი თქმით, არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი „ზოგიერთ ახალ სფეროში, განსაკუთრებით იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის უდავო სიმდიდრეს ეხება“.

„ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია ურთიერთობების შემდგომი განვითარება როგორც მთავრობასთან, ისე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმედები განხორციელდება და ამაში მარწმუნებს ის თბილი შეხვედრა, რომელიც გუშინ საღამოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან მქონდა“, – განაცხადა მან.

არქიეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში კათოლიკეების მცირე რაოდენობაა, „მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სფეროებია, სადაც ჩვენ ეკლესიას საზოგადოებაში წვლილის შეტანა შეუძლია“.

„მაგრამ, ამავე დროს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ყველა კათოლიკური თემის განზრახვაა… რომ ძალისხმევა არ დაიშურონ ქართული საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ჩვენი თემები აგრძელებენ ამის კეთებას თავიანთი საქმიანობით სასულიერო, კულტურულ, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში“, – განაცხადა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა რომის კათოლიკურ ეკლესიას საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის გამო, რომელსაც ის „საქართველოს კარიტასის“ მეშვეობით ეწევა; მან ასევე მადლიერება გამოხატა  იმის გამო, არქიეპისკოპოსი მამბერტი 16 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვევა.