ნატოს უმაღლესი სამხედრო მეთაური მიესალმება საქართველოს თავსებადობას ალიანსთან
ნატოს უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, აშშ–ის საჰაერო ძალების გენერალმა ფიპილ ბრიდლავმა განაცხადა 15 სექტემბერს, რომ საქართველომ ნატოსთან თავსებადობის კუთხით „ძალიან კარგი სამუშაო“ შეასრულა.
ნატოს გაფართოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გენერალმა ბრიდლავმა, რომელიც ევროპაში ნატოს უმაღლესი სამხედრო მეთაური და ევროპაში აშშ–ის საჰაერო ძალების მეთაურია, განაცხადა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და მათ შორის საქართველომ, გააუმჯობესეს თავიანთი „ჩართულობის პროგრამები“.
ასპირანტი ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის სამხედრო კომპონენტზე საუბრისას, გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, „როგორიცაა საქართველო, ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით“.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთში და სხვა ადგილებში თავისი სამხედროების „მაღალ დონეზე“ განთავსებით.
„ამრიგად, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ ქვეყნები განაგრძობენ თავიანთი მიზნისკენ სვლას ან შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში უკვე დააკმაყოფილეს ის სამხედრო მოლოდინი, რომელიც ჩვენ მათ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გვაქვს და ახლა ზოგიერთი უფრო პოლიტიკური ხასიათის საკითხის შემუშავება ხდება ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.
მან ეს განცხადებები ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც ნატოს უელსის სამიტის შედეგები განიხილებოდა. გენერალმა ალიანსის სწრაფი რეაგირების ახალ ძალებზე ისაუბრა და წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ნატოს რეაგირების ძალები.
„არ მინდა, რომ ძალიან პოზიტიურად ვჟღერდე, მაგრამ ის, რაც ჩვენ მაქსიმუმი გვეგონა იმისა, რისი მიღებაც უელსში შეგვეძლო, მინიმუმი გახდა იმისა, რასაც უნდა ველოდოთ მომავალში“, – განაცხადა მან.
იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ ნატოს წევრები არ არიან, გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დასავლეთმა უნდა განიხილოს.
„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ნატოს გარეთ – რომლებიც ჩვენს [ნატოს და რუსეთს] შორის არიან. როგორ მიუდგება დასავლური სამყარო ამ ქვეყნებს და როგორია აღმოსავლეთში და დასავლეთში ყველა მეზობლის მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს მათი ქმედებები ამ ქვეყნებში, როგორია მისაღები საერთაშორისო ნორმები – ვფიქრობ, ეს არის პირველი პრინციპული საუბარი, შემდეგ შეგიძლიათ განიხილოთ… თუ რა არის ის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნებს მივცეთ“, – განაცხადა მან, „ამჟამად არ არსებობს ნატოს პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის გარეთ არიან“.