პარლამენტმა რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 30 ხმით 28-ის წინააღმდეგ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელიც ორი წლის წინ ჩვილი ბავშვის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებდა.

საქმე ეხება 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გურჯაანის რაონის სოფელ კოლაგში ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც თავიდანვე პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. კერძოდ, გურჯაანის რაიონის დეპუტატობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან მანანა ბერიკაშვილმა, რომელსაც 1 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნების წაგების შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია, ამ საქმესთან კავშირში მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა. საქმის გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მათი შეთავაზება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე განაპირობა იმან, რომ ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა საქმე ვერ გამოიძიეს და ამიტომ  წერტილი საბოლოოდ ამ საქმეს პარლამენტმა უნდა დაუსვას.

„ეს საქმე შეიცავს ორ ეპიზოდს: პირველი ეს არის 10 თვის ბავშვის მკვლელობა… და ჩვენ ვითხოვთ დადგინდეს სიმართლე“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანმა, „მაგრამ არსებობს მეორე დანაშაული ცილისწამებისა და ამ დანაშაულის თანამონაწილეობაზე კოლექტიური პასუხისმგებლობა  ეკისრება ქართულ ოცნებას მთლიანად. თქვენ ყველა ხართ დამნაშავეები და თანამონაწილეები“. 

დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა დებატების დროს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ბავშვის დაღუპვა „პოლიტიკური მიზნებისთვის“ იქნა გამოყენებული და „ეს იყო სამოქალაქო ომის შემამზადებელი აქცია“, რომელზეც მისი თქმით, ორივე მხარემ „გონიერება იხმარა“, რომ „პირდაპირი ანგარიშსწორება არ წავიდა მაშინ“.

„ამ პარლამენტში თუ არ ვთქვით, რომ ეს აღარასოდეს აღარ განმეორდება და თუ არ იქნება ნაპოვნი ამის ჩამდენი და თუ ამ ამბავს დამკვეთი ჰყავს, ამის დამკვეთი და ამის შემსრულებლები თუ არ ჩასხდნენ ციხეში, ყველა არჩევნებზე ეს მოხდება“, – განაცხადა მან.

„ნახევარ საქართველოს ჰგონია, რომ ჩვენ მოვკალით და ნახევარს ჰგონია, რომ თქვენ მოვკალით. არ გინდათ დავუსვათ ამას წერტილი?“- მიმართა მან ოპონენტებს ქართული ოცნებიდან.

„მე ხომ პირდაპირ დამაბრალეს ხალხნო ამ ადამიანის მოკვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე არავისთვის არ დამიდია ხელი. მე უბრალოდ ვითხოვ, რომ ჩატარდეს ამ საქმეზე გამოძიება. მაგრამ ერთი რამე ხომ ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ და თქვენმა გუნდმა ეს საქმე გამოიყენეთ პოლიტიკური მიზნებისთვის. მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ დამადო ხელი, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ გამოიშვირა ნაციონალური მოძრაობისკენ ხელი“, – განაცხადა დებატების დროს დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა, რომელმაც 2012 წელს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ხმათა 51%-ით მოიპოვა.

ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თავის გამოსვლაში ბოდიში გადაუხადა ღვინიაშვილს  და განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელების მხრიდან „შეცდომა“ იყო მისი დადანაშაულება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით ამ თემის პოლიტიზირებით  „ჩვენ გავიმეორებთ იგივეს, რაც ჩემს თანაგუნდელებს ნამდვილად შეეშალათ“.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ორი წლის წინ  „ჩვენმა წარმომადგენლებმა ემოციურად არასწორი განცხადება“ გააკეთეს. მისგან განსხვავებით დეპუტატი ნუკრი ქანთარია ქართული ოცნებიდან შეეცადა მაშინდელი განცხადებების გამართლებას და თქვა, რომ მანანა ბერიკაშვილმა, როცა თითი ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირა, ის  ვერსია გაახმოვანა, რომელიც მომხდარიდან ცოტა ხანში ადგილობრივ მაცხოვრებლებში მუსირებდა.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ მათ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად მომხდარი ტრაგედიის კიდევ უფრო მეტი პოლიტიზირება, რასაც მათი თქმით, საპარლამენტო გამოძიების დაწყება უფრო მეტად დაეხმარება. მათ სამართალდამცავებს ამ საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგურმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერია, განაცხადა, რომ ის „კატეგორიული წინააღმდეგია“ საგამოძიებო კომისიის შექმნის, რაც მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული „სცენარია“.  

„ჩვენს კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ თავიანთი გეგმა, რომ შექმნან ისტერიული ფონი ქვეყანაში, რომ ყველა მიმართულებით ხდება კატასტროფა… და ამ გეგმის ნაწილია ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც. რაფალიანცის ოჯახი არ ენაღვლებათ ამათ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რამოდენიმე დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, მათ შორის ვიქტორ დოლიძემ, წინა დღეებში განაცხადეს, რომ არ იქნებოდნენ წინააღმდეგი საგამოძიებო კომისიის შექმნის. თუმცა ანალოგიური პოზიცია საჯაროდ 18 სექტემბრის საპარლამენტო დებატების დროს აღარ გაჟღერებულა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 სექტემბერს, საპარლამენტო დებატების დაწყებამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ძალიან ცუდია, როდესაც უზნეო ადამიანები“,  რომელთაც „წარსულში აქვთ  ძალიან ბევრი კრიმინალი ჩადენილი“, ამ თემით „სპეკულირებენ“. ღარიბაშვილმა 2012 წელს, როცა 1 ოქტომბრის არჩევნების მოგების შემდეგ 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანდა.

„ჩვენ როცა მოვედით, სამწუხაროდ, ჩიხში იყო გამოძიება შეყვანილი… ცხელ კვალზე როცა არის გასული, მაშინ უნდა მოხდეს გამოძიება და საქმის გახსნა,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა 18 სექტემბერს და დასძინა, რომ წინა ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისთვის 25 დღე ჰქონდა, თუმცა „ვერ გამოიძიეს“.