სოხუმს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და დღის წესრიგის შეცვლა სურს
სოხუმი მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა მისი ფორმატი და დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 18 სექტემბერს.
ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ივნისში ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს; სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რომელთაც რუსეთის მომლაპარაკებელიც უჭერდა მხარს, დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს.
„მოლაპარაკებების 28–ე რაუნდის დროს [ივნისში] პრობლემებს ჰქონდა ადგილი; ჩვენ მათი თავიდან აცილება გვინდა, ამიტომაც წინასწარ უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით.
„ფორმატი და დღის წესრიგი მთავარი პრობლემებია. ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ დევნილების საკითხს, მაგრამ ქართული მხარე დაჟინებით ითხოვს ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ჩირიკბამ, „თუმცა ყველა მონაწილეს აერთიანებს მოსაზრება, რომ ამ ფორუმს თავისი თავი ჯერ არ ამოუწურავს, ის სასარგებლოა“.
18 სექტემბერს ჩირიკბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, რომლებიც 7–8 ოქტომბერს დაგეგმილ მომდევნო რაუნდს ამზადებენ.
„გვესმის, რომ ჩვენს წინაშე დღის წესრიგზე და ფორმატზე კომპრომისის გამოძებნის რთული ამოცანა დგას“, – განაცხადა ჩირიკბამ, „აფხაზური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლის წინააღმდეგია. მაგრამ არსებობს პრინციპული საკითხები, რომელთა დათმობაც ჩვენ არ შეგვიძლია“.
სოხუმში ვიზიტამდე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები 15 სექტემბერს თბილისში საქართველოს მთავარ მომლაპარაკებელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალკალიანს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 15 სექტემბერს, რომ „დესტრუქციული“ ქმედებები, რომლებიც იმ ფორმატის და დღის წესრიგის შეცვლისკენაა მიმართული, რომელზეც შეთანხმება მაშინ მოხდა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა, „ცალსახად მიუღებელია“.
„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და ისეთი ძირითადი საკითხების განხილვა, როგორიც არის ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ჟენევის დისკუსიებში, რომელსაც ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის დევნილების თემას განიხილავს.