აშშ–ის სენატის კომიტეტმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 18 სექტემბერს ერთხმად მიიღო უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი – კანონპროექტი, რომელიც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „ნატოს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად“ აღიარებს.

კონგრესის მიერ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემთხვევაში, კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ მეტ სანქციებს და უკრაინისთვის სამხედრო და არასამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს და ამ მიზნით 350 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

აშშ-ის საგარეო დახმარების აქტის 517–ე ნაწილის შესაბამისად, ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ აშშ–ის სამხედრო დახმარება მისთვის გარკვეულწილად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს; მაგალითად, ასეთ ქვეყნებს პრიორიტეტი მაშინ ენიჭებათ, როდესაც იმ ჭარბი ამერიკული შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის გადაცემა ხდება, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკვე აღარ გამოიყენებენ. თუმცა ამ სტატუსის მინიჭება არ გულისხმობს, რომ ამ ქვეყნების მიმართ აშშ თავდაცვით ვალდებულებებს იღებს.

ამგვარი აღიარება უკვე 15 ქვეყანას აქვს მიღებული. ავღანეთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა 2012 წელს; დანარჩენები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იაპონია, იორდანია, ისრაელი, ქუვეითი, მაროკო, ახალი ზელანდია, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

„საქართველოსთვის ნომერი პირველი და სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და იქნება ამერიკა. ეს სიახლე არ არის“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 18 სექტემბერს, როდესაც მას საქართველოსთვის  ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის შესაძლო მინიჭებაზე ჰკითხეს.

საქართველომ აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წელს მოაწერა ხელი.

ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ–სთან „თვისობრივად ახალ საფეხურზე ავა ყველა ძირითადი მიმართულებით, ეს ეხება, პირველ რიგში, უსაფრთხოებას“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა 19 სექტემბერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული როგორც მთავარი მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების“, – დასძინა პეტრიაშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მოწონებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მომდევნო სამი წლის განმავლობაში „რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და პრიორიტეტს რუსულენოვან მაუწყებლობას ანიჭებს  უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.