აშშ-ის არმიის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ, რომელიც თბილისს შაბათს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტიდან ორი კვირის თავზე ეწვია, 22 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი განიხილეს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლის გაღრმავებაზეც შევთანხმდით ბატონი ჰეიგელის ვიზიტისას საქართველოში“, – განაცხადა ალასანიამ, "მე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეხება ჩვენი თავდაცვისუნარიონობის ამაღლებას და ეს იყო ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული". 

"ჩვენ განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთში და რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მთელ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე ჩვენი საერთო, ერთობლივი რეაგირების ფორმებზე“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანმა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციაში მხარდაჭერა აღუთქვა და ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის.