საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სტამბოლში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 სექტემბერს სტამბოლში თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
„ჩემ თურქ კოლეგასთან ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების გაღრმავების საკითხებზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ ვისაუბრეთ იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილი არის უკრაინასთან მიმართებაში და ISIS-ის [„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის] თემებზე“.
თურქეთის პრეზიდენტი გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობს თემაზე „რესურსების აღმოჩენა რეგიონალური განვითარებისთვის“, კვირას ასევე შეხვდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ვიქტორ ტვირჩუნს.
პრეზიდენტი მარგველაშვილი ორშაბათს ასევე შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაიევს.