კანონპროექტი უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე შეზღუდვებს უწესებს

უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 5 და მაქსიმუმ 100 ჰექტარი მიწის შეძენა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში 5-წლიანი გამოცდილება მაინც აქვთ ან ამავე ვადით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოში, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც მთავრობამ მოიწონა.

თუმცა, კანონპროექტი ასევე ადგენს საგამონაკლისო წესს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ენიჭება უფლება შეზღუდვების გვერდის ავლით კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიყიდოს სასოფლო-სამეურნეო მიწა.

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია სასაზღვრო ხუთკილომეტრიან ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება.

თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, ვინც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ამ შემთხვევაში, ძირითადად, საუბარია იმ ადამიანებზე, რომელსაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, გახდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ამჟამად უცხოელებად ითვლებიან. ამ პირებს მიწის მემკვიდრეობით მიღება ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვების დაწესების გარეშე შეეძლებათ.

შეზღუდვებს კანონპროექტი მხოლოდ იმ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწესებს, რომელსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურთ იმ პირობის დაცვით, რომ ეს მიწის ნაკვეთი ვერ იქნება 5 ჰექტარზე ნაკლები და 100 ჰექტარზე მეტი.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწას უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ვეღარ შეიძენს. ამისათვის აუცილებელია, რომ იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებელი ან 50%-ზე მეტი წილის მფლობელი უცხოელია, დარეგისტრირებული იყოს საქართველოში და მის დამფუძნებელს ან მეწილეს გააჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ანდა საკუთრების უფლება ჯამში არანაკლებ ხუთი წლისა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფ უცხოელს ან უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია საქართველოში  მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში 5 წელი მაინც საქმიანობს ან ამავე ვადით ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოში.

იმისათვის, რომ უცხოელმა მიწის ყიდვა შეძლოს, მან დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს 5-წლიანი ცენზის ნამდვილობა, დადებითი რეკომენდაციები მიიღოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ყიდვა-გაყიდვის ტრანსაქციის ხელშეკრულების დადება, რაც სავალდებულო წესით უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა, ნათქვამია კანონპროექტში. 

თუ კანონპროექტით უცხოელებისთვის დაწესებულ პირობებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიული პირი აღარ აკმაყოფილებს, მაშინ მას მიწის გასხვისება ექვსი თვის ვადაში მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად,  მას „წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის სანაცვლოდ“ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართმევენ ამ მიწას სასამართლო გადაწყვეტილებისა და ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამასთან, შერეული ქორწინების დარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, ყოფილ მეუღლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ეძლევა უფლება, უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოელი მეუღლის საკუთრებაში არსებულ მიწას. ამასთან, უცხოელი მეუღლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული გაყიდოს ეს მიწა, თუ ის არ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე უცხოელებისთვის დაწესებულ პირობებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ზოგად დებულებას, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მოიჯარეს ენიჭება ამ მიწის უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელისთვის მიწის იჯარით უწყვეტად აღება, შესაძლოა საბოლოო ჯამში მის მიერ ამ მიწის შეძენით დასრულდეს.

კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს გარკვეულ ბარიერებს უწესებს, ჯერ-ჯერობით პარლამენტში ოფიციალურად არ არის ინიცირებული.

უცხოელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა დაუბრკოლებლად  2013 წლის 17 ივლისამდე შეეძლოთ, ვიდრე ძალაში შევიდოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაწესებული აკრძალვა. თუმცა ეს მორატორიუმი 2014 წლის ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ ვადაზე ადრე გააუქმა იმ სარჩელის საფუძველზე, რომელშიც საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ავსტრიელი  თანამშრომელი მათიას ჰუტერი ამ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. 

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით  23 ივლისს-7 აგვისტოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% ეთანხმებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოატორიუმის გაუქმების თაობაზე; 20% ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, ხოლო 24% არ იყო ინფორმირებული ამ თემაზე. 
  
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ახალი კანონპროექტი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან განსხვავებულ მიდგომას ეყრდნობა და „ზოგადი და აბსოლუტური“ აკრძალვის ნაცვლად, ირჩევს უცხოელების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღების გზას, რასაც „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა“ ენიჭება „მცირემიწიანი“ საქართველოსთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული  „უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვა“.

„ასეთი შეზღუდვების ლეგიტიმური მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის, გარემოს, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისა და სხვა სიკეთეების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების თვალსაზრისით უცხოელთა მიმართ გონივრული შეზღუდვების დაწესება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებითაა“ ნაკარნახევი და ზემოთ მითითებული ლეგიტიმური მიზნების პროპორციულია“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.