ღარიბაშვილი: ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირებაზე სოხუმის გეგმა ‘არ არის გონივრული’
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შაბათს, რომ სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ხუთიდან ოთხი სასაზღვრო–გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე „არ არის გონივრული გადაწყვეტილება“ და ეს გააუარესებს გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობას და არ დაეხმარება შერიგებისკენ მიმართულ თბილისის ძალისხმევას.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა 2 ოქტომბერს თავისი პარტიის „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, რომ სოხუმმა უნდა გაამკაცროს საკუთარი პოლიტიკა თბილისის მიმართ, რომელსაც, მისი თქმით, „რევანშისტული“ გეგმები აქვს აფხაზეთთან მიმართებაში. მან ასევე განაცხადა, რომ მდინარე ენგურზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა მუშაობდეს, ხოლო დანარჩენები უნდა დაიხუროს სასაზღვრო უსაფრთხოების გამკაცრების გეგმის ფარგლებში. ხაჯიმბა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების გამკაცრების საჭიროებაზე საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრობდა და ამის თაობაზე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც გააკეთა განცხადება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაჯიმბას განცხადებას 4 ოქტომბერს უპასუხა თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას. მან კომენტარი საკუთარი ინიციატივით გააკეთა ისე, რომ ჟურნალისტებს მისთვის ამის თაობაზე არ უკითხავთ.
„ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ვაჩვენებდით და კვლავაც ვაჩვენებთ ჩვენს კეთილ სურვილს და მზადყოფნას, რომ ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ათეული წლის განმავლობაში, არის ტრაგედია ჩვენი ერისთვის და მათთვისაც, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის“, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც თბილისში მდებარე მეჩეთს ესტუმრა, სადაც მუსლიმ თემს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის დატოვებასთან დაკავშირებით.
„ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ღიად დავაფიქსირო, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარების გადასაწევად ჩვენი ძმებისთვის. შემთხვევითი არ არის ის, რომ სწორედ ამ გამყოფი ხაზის გასწვრივ ჩვენ ვაშენებთ მულტიფუნქციურ, ულტრათანამედროვე საავადმყოფოს და რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ ძმებს შეეძლებათ უფასოდ იმკურნალონ ამ საავადმყოფოში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
აგვისტოს ბოლოს პრემიერ–მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს,41.2 მლნ ლარის ღირებულების მრავალპროფილიანი მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დასრულება ორ წელიწად ნახევარში იგეგმება. სამედიცინო დაწესებულება ასევე მოიცავს სამედიცინო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის, ასევე სასტუმროს, სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობას.
„ასევე იქ ჩვენ ვაშენებთ მრავალპროფილიან სავაჭრო კომპლექსს, რათა გავუადვილოთ მიმოსვლა და აღდგეს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები, ხალხთა შორის ურთიერთობები და ნდობა აღდგეს. ეს არის ჩემი პოზიცია. ჩვენ ასე ვპასუხობთ მათ ასეთ ინიციატივას. ჩვენ ვპასუხობთ კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი. მაგრამ ეს [საგუშაგოების გაუქმება] არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს და ართულებს ამ პროცესს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)