ივანიშვილი სატელევიზიო გადაცემის თაობაზე გეგმებს ადასტურებს
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 6 ოქტომბერს, რომ თავის ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამას არაუგვიანეს ახალ წლამდე დაიწყებს.
„მე ვამზადებ ტელეპროექტს, რაც გითხარით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რამეთუ დაზუსტებული არ გვაქვს, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ; ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე ერთ თვეში, ალბათ, ამ პროექტით გამოვჩნდები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მის მიერ დაფინანსებული ორი ახალი პროექტის პრეზენტაციაზე, რომელთაგანაც ერთი ეხება სკოლის მოსწავლეებს, რომლის ფარგლებშიც ფოკუსირება მოხდება სამოქალაქო განათლებაზე და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ცნების განვითარებაზე, ხოლო მეორე პროექტი სტუდენტებისთვისაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და ამაში სტუდენტების ჩართულობას უკავშირდება.
ტელეკომპანია GDS-მა, რომელსაც ივანიშვილის შვილი, ბერა ხელმძღვანელობს, განაცხადა ივლისში, რომ ის ახალი თოქშოუს გაშვებას გეგმავს, რომლის თანაწამყვანიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება თოქშოუს წაყვანაზე ჯერ არ ჰქონდა მიღებული და იქვე აღნიშნა, რომ ამის „დაბალი ალბათობა“ იყო.