მოგერინი: ‘ევროკავშირმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს აღმოსავლელ მეზობლებს’
ფედერიკა მოგერინიმ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზეა წარდგენილი, განუცხადა ევროპარლამენტის წევრებს 6 ოქტომბერს მის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე, რომ თავის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირს „დასჭირდება მხარი დაუჭიროს“ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.
„ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება სხვადასხვა ფორმით აღმოსავლეთის მიმართ – დაწყებული უკრაინის მხარდაჭერით უსაფრთხოების, ინსტიტუციური რეფორმების, პოლიტიკური პროცესის, ეკონომიკური გამოწვევების და ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევების თვალსაზრისით. საჭირო იქნება მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერა… ასევე დაგვჭირდება მომავალში სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან მუშაობა“, – განაცხადა მოგერინიმ თავის შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
სამსაათიანი მოსმენის დროს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში კიდევ ერთხელ იქნა ნახსენები, როდესაც მოგერინის ჰკითხეს, თუ როგორ ხედავს ის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის იმ მცდელობის ფონზე, რომ „იქ საბჭოთა გავლენის სფერო დაამყაროს“.
მოგერინიმ უპასუხა: „ვფიქრობ, ის მცდელობები, რის განხორციელებასაც რუსები ცდილობენ, არის იმის ჩვენება, რომ ევროპული არჩევანი ცუდია იმ ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის… თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ერთად დავანახოთ, რომ ევროპული არჩევანი კარგია ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მე ვგულისხმობ მოლდოვას, სადაც რთული არჩევნები ახლოვდება, მე ვგულისხმობ საქართველოს, და რა თქმა უნდა, უკრაინას – თუ ევროპული არჩევანი კონკრეტულ კარგ შედეგებს მოუტანს ამ ხალხს, ეს მიმზიდველი ფაქტორი გახდება მათი საზოგადოებების იმ ნაწილისთვის, რომლებიც შესაძლოა დღეს სხვანაირად ფიქრობდნენ“.
თავის შესავალ სიტყვაში მოგერინიმ განაცხადა, რომ რუსეთი „შესაძლოა მოცემულ მომენტში არ იყოს პარტნიორი – რაც დღევანდელი ვითარების სურათია, მაგრამ ის მაინც სტრატეგიული ქვეყანაა მსოფლიოში“.
„ამიტომ, მიმაჩნია, რომ ერთად უნდა გადავაფასოთ სიღრმისეულად ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რა ტაქტიკას გამოიყენებს, თუ მას „რუსული დათვი“ დაუპირისპირდება, მოგერინიმ უპასუხა: „მე ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა შევაზავოთ სიმტკიცე და დიპლომატია – ბალანსი დათვის რეაქციაზეც იქნება დამოკიდებული“.
როდესაც ევროპარლამენტის ესტონელმა წევრმა ტუნ კელამმა უთხრა მომხსენებელს, რომ „თქვენ ჯერ კიდევ უნდა დამარწმუნოთ, როგორ შევაჩეროთ ბატონი პუტინი“ და რომ ევროკავშირის სანქციები კრემლის ქმედებებს ჩამორჩება, მოგერინიმ უპასუხა, რომ სანქციები „ეფექტური“ იყო, რადგანაც რუსეთის ეკონომიკა „საკმაო დაზარალებას იწყებს“. თუმცა მან ასევე დასძინა: „ეფექტურია თუ არა ისინი რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში? ვფიქრობ, აქ ჯერ კიდევ გვაქვს კითხვის ნიშანი“. მოგერინიმ განაცხადა, რომ „ამოსავალი წერტილია“ უკრაინელებთან მუშაობა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ძალისხმევის მხარდაჭერა, „რადგანაც, საბოლოო ჯამში, ეს ის ხალხია, ვისაც საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტთან აქვთ საქმე“.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შესაძლოა დასჭირდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაზე მუშაობა, „თუ საქმე გაუარესდება“ უკრაინასთან მიმართებაში, და ევროკავშირს „შეუძლია მოხსნას ეს სანქციები, თუ საქმე გაუმჯობესდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)