ხადური: 2015 და 2016 წლებში პენსია გაიზრდება

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში პენსიები გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე ზრდის "ზუსტი" პარამეტრები დადგენილი არ არის.

საქართველოში ბოლოს ასაკით პენსიონერებს  2013 წლის 1 სექტემბერიდან გაეზარდათ მინიმალური პენსია და ამჟამად მისი ოდენობა 150 ლარს შეადგენს.

„მომავალი წლის განმავლობაში პენსია გაიზრდება, ისევე როგორც გაიზრდება 2016 წელს“, – განუცხადა ფინანსა მინისტრმა 7 ოქტომბერს დეპუტატებს თბილისის პარლამენტში საფინანსო კომიტეტში გამართული საბიუჯეტო განხილვების დროს.

„ამ ეტაპზე ზრდის პერიოდი და მოცულობა დადგენილი არ არის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან გრძელდება, რის შედეგადაც ბიუჯეტის პროექტის „შემდეგ მოსმენებზე უფრო კონკრეტული მონაცემები გვექნება“. 

2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში, რომლის მოცულობაც 2.75 მლრდ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 2.658 მლრდ ლარიდან, საპენსიო უზრუნველყოფის წილი 1.36 მლრდ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით, 34 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.

ეს გაზრდილი სხვაობა, ნოდარ ხადურის განმარტებით, განპირობებულია იმით, რომ იზრდება ასაკით პენსიონერთა რიცხოვნობა, რაც ამ ეტაპზე  694  572 ადამიანს შეადგენს, და ასევე იმითაც, რომ 2015 წლიდან 1 000 ლარამდე გაორმაგდება ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის დაწესებული ყოველთვიური დახმარება.